2014 წლის 17-18 მაისს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონების სტომატოლოგთა მხარდასაჭერად. ეს ღონისძიება კვლავ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის და პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტებისა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის, ექიმთა მიერ განხორციელდა. (იხ.სურ.)
რიგით მე-4 კონფერენცია (იხ. სურ.) სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიაში, სასტუმრო Palm Beach - ში ჩატარდა. სასტუმროს საკონფერენციო დარბაზმა ძლივს დაიტია კონფერენციაზე დასწრების მსურველები. თავი 165 სტომატოლოგმა მოიყარა. ისინი სამეგრელოს თითქმის ყველა ქალაქიდან და დასახლებული პუნქტებიდან ჩამოვიდნენ (ზუგდიდი, აბაშა, ხობი, სენაკი, ჩხოროწყუ). (იხ. სურ.)
კონფერენციას ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტომატოლოგიის მიმართულების პედაგოგებიც დაესწრნენ. ზუგდიდში სარეზიდენტო კლინიკის მთავარი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გია დანელია კონფერენციაზე თავისი კლინიკის ექიმებთან და სტუდენტებთან ერთად მოვიდა. (იხ.სურ)
ჩვენი მასპინძელი, თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტისა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის რეზიდენტურა დამთავრებული ექიმი-სტომატოლოგი ირაკლი ლატარია და ზუგდიდის სტომატოლოგთა გუნდი იყო. (იხ. სურ.)
აუდიტორია უდიდესი ინტერესით ისმენდა ლექციათა ციკლს და მათი აქტივობა მთელი დღის მანძილზე არ განელებულა: კონფერენცია 10:00-18:00 გაგრძელდა.
კონფერენციათა ციკლის რიგით მე-4 აქტივობა „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“ პროფესორმა მარინა მამალაძემ გახსნა. მანვე წაიკითხა პირველი ლექცია, რომელიც თანამედროვე ადჰეზიურ სისტემებსა და კომპოზიტებით კბილთა რესტავრაციას მიეძღვნა. (იხ. სურ.)
პროფესორმა მანანა ივერიელმა ალერგიულ სტომატიტებზე და მათი მართვის პრინციპებზე ისაუბრა. (იხ. სურ.)
როგორც ყოველთვის ამჯერადაც აუდიტორია ინტერესით შეხვდა პროფესორ ნინო ჭიპაშვილის ლექციას, ამბულატორიულ სტომატოლოგიაში ტკივილის მართვის შესახებ. (იხ. სურ.)
კონფერენციის ძირითადი მოხსენებათა ციკლი დაასრულა ასოცირებული პროფესორის ნინო აბაშიძის ლექციამ - სწრაფად პროგრესირებადი პაროდონტიტი და მისი მართვის ძირითადი პრინციპები. (იხ. სურ.)
კონფერენციაზე ორი ინფორმაციული პრეზენტაცია გაჟღერდა (ასოცირებული პროფესორი ლალი ჯაში, ასისტენტ პროფესორი ხატია გოგიშვილი) მათ სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობაში ხოლისალისა და ტრახისანის გამოყენებაზე ისაუბრეს. (იხ. სურ.)
კონფერენციის უცვლელი სპონსორები იყვნენ ფარმაცევტული კომპანიები Alpen Pharma და GEA. (იხ. სურ.)
არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა კონფერენციის მე-2 დღე. 18 მაისს სტომატოლოგიის კლინიკა „Medex“-ში , ირაკლი ლატარიამ ჩვენს დელეგაციას უმასპინძლა. აქ უკვე საჩვენებელი მასტერ-კლასები - პაციენტთა მკურნალობის დემონსტრირება ჩატარდა. (იხ. სურ.)
ექიმებმა, თეა ჭუმბურიძემ და თამარ ჟღენტმა - 1.1; 2.1 კბილთა საჩვენებელი რესტავრაცია ჩაატარეს ნანოკომპოზიტით Esthet- X HD (იხ. სურ.)
ექიმების, მაია ლომსიანიძისა და მაკა კოპალიანის მიერ 1.6 კბილის ენდოდონტიური მკურნალობა ჩატარდა, სადაც დამსწრე ექიმებს ენდომკურნალობის პროტოკოლის გაცნობის საშუალება მიეცათ. (იხ. სურ.)
პროფესორმა მანანა ივერიელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნინო აბაშიძემ პაციენტთა კონსულტაციები ჩაატარეს. (იხ. სურ.)
ექიმებმა, თეა ჯანჯალაშვილმა და ლია სანოძემ - დამსწრე ექიმებს უჩვენეს დიოდური ლაზერული აპარატის (Dr. Smile) კლინიკური გამოყენების თავისებურებები. (იხ. სურ.)
ამავე დღეს პროფესორები მარინა მამალაძე და ნინო ჭიპაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა გია დანელიამ მიიწვია ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და ზუგდიდის ექიმ-სტომატოლოგებთან შესახვედრად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ექიმებს აინტერესებდათ პრაქტიკული სტომატოლოგიის და სამედიცინო სტომატოლოგიური რეგულაციების საკვანძო საკითხები. ცოტა ხანში შეხვედრას პროფესორები მანანა ივერიელი და ნინო აბაშიძეც შემოუერთდნენ. შეხვედრა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა და მსმენელთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. (იხ. სურ.)
ჩვენი გუნდის ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში სასარგებლოსთან ერთად ძალიან სასიამოვნოც იყო. მადლიერმა მასპინძლებმა ზუგდიდში დადიანების სასახლე დაგვათვალიერებინეს. (იხ. სურ.) ანაკლიაში ყოფნისას კი ანაკლია-განმუხურის ულამაზესი პეიზაჟი. (იხ. სურ.)