2014 წლის 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევით–ცენტრ უნიდენტში წარმატებით ჩაიარა ე.წ. იმპლანტოლოგიის კვირეულმა. თბილისში იმპლანტოლოგიაში საბაზისო კურსის წასაკითხად ჩამოსულმა პროფესორმა ვიქტორ ვაილერტმა (დიუსელდორფი, გერმანია) ახალგაზრდა იმპლანტოლოგებს, რომელთაც მომავალში კბილთა იმპლანტირების დარგში მოღვაწეობის გაგრძელება სურთ, ან მათ ვისაც ამ დარგში მოღვაწეობის გამოცდილება დაუგროვდა და შესაბამისად მრავალი კითხვა აქვთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის აუდიტორიაში წაიკითხა ლექცია შემდეგ თემებზე: (იხ. სურ.)
- პანორამული რენტგენის და კომპიუტერული რენტგენოდიაგნოსტიკის აქტუალობა კბილთა იმპლანტაციის დაგეგმვაში – ოპერაციის პროტოკოლი.
- მკურნალობის ქირურგიული ეტაპების ჩატარების თანმიმდევრობა, კბილთა იმპლანტების თანამედროვე სახეები და სისტემები.
- იმპლანტაციის ჩატარების თავისებურება ძვლოვანი სტრუქტურის დეფიციტის დროს: ალვეოლური მორჩის აუგმენტაცია და სინუსლიფტინგი.
ლექციები ჩატარდა 27 და 30 ოქტომბერს. აუდიტორია სავსე იყო დაინტერესებული მსმენელებით, მათ შორის მე–5 კურსის სტუდენტები და ექიმი–რეზიდენტები. მაღალი იყო დარბაზის აქტიურობა და დაისვა უამრავი საინტერესო კითხვა, რაზედაც პროფესორი ვაილერტი სიამოვნებით, ამომწურავად პასუხობდა და ახალგაზრდებს თავის გამოცდილებას უზიარებდა. (იხ. სურ)
პროფესორ ვიქტორ ვაილერტის ვიზიტი საქართველოში იმითაც იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ მან სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში ჩაატარა პაციენტთა მკურნალობა. (იხ. სურ.)
31 ოქტომბერს ვიქტორ ვაილერტმა უნიდენტში მასტერ-კლასი ჩაატარა. სამწუხაროდ ადგილები შეზღუდული იყო და მხოლოდ 12 იმპლანტოლოგს ჰქონდა შესაძლებლობა პროფესორის მიერ ჩამოტანილ მოდელებზე დაეხვეწა პრაქტიკული უნარები. მასტერ კლასს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. პროფესორმა ვაილერტმა გული არავის დასწყვიტა და სტუდენტებსაც კი მისცა შესაძლებლობა თავად ეცადათ მოდელებზე მუშაობა. (იხ. სურ.)
იმპლანტოლოგიის კვირეულის დასრულებისას პროფესორებმა მარინა მამალაძემ და ვიქტორ ვაილერტმა სამომავლო ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანებიც დასახეს.