2025 წლის 18-22 ივნისს საქართველოს დელეგაცია (რეგენტი, პროფესორი მარინა მამალაძე და წევრები: ნათია ნიჟარაძე, ლია სანოძე, თამარ ჟღენტი, დეა ვადაჭკორია, მანანა უსტიაშვილი, ეკა ბეშკენაძე, თეა ჯანჯალაშვილი, მაკა კოპალიანი, ლიკა მინაშვილი, თამარ შავაძე, თამარ კუთხაშვილი და თეონა დანელია) ვიმყოფებოდით სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) ყოველწლიურ, რიგით 68 კონგრესზე, რომელიც ამჯერად ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ჩატარდა.
ICD-ის დევიზი - ლიდერობა, განათლება და პროფესიონალიზმი ყოველთვის ზუსტად ასახავს ამ შეხვედრის ფარგლებში, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტომატოლოგების ურთიერთდამოკიდებულებას, განწყობას და მომავლის ხედვებს.
ჩვენ ვამაყობთ, რომ მსოფლიოს ერთერთი უძველესი, 1920 წელს შექმნილი, სტომატოლოგიური ორგანიზაციის (რომლის სათაო ოფისი მიჩიგანშია) წევრები ვართ. ვამაყობთ იმითაც, რომ ICD-ის შემადგენლობაში არსებულ 20 სექციას შორის, რომელიც მსოფლიოს ყველა კონტინენტს მოიცავს, საქართველო ევროპის V სექციის ღირსეული წევრია. ვამაყობთ იმითაც, რომ ევროპის სექციის 40-ზე მეტ ქვეყანას შორის საქართველო, დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად - დისტრიქტად 2023 წელს ჩამოყალიბდა.
ჩვენი რეგენტის პროფესორ მარინა მამალაძის აზრით, ამ დიდ წარმატებას და აღიარებას საქართველოს დისტრიქტი, მისი წევრების მაღალი პროფესიონალიზმით, კონგრესებზე მუდმივი დასწრებით, გამორჩეული ენთუზიაზმითა და კოლეგებთან შეუდარებელი კომუნიკაციის წყალობით მიაღწია. სწორედ ამიტომ, გვახარებს ის, რომ ყველა კონგრესზე ჩვენი დელეგაციის გამოჩენა საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევს.
წლევანდელი 68-ე კონგრესი ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა:
პირველი - კონგრესზე ICD-ის ნამდვილ წევრად (FICD) საზეიმოდ მივიღეთ ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჩვენი ასოციაციის წევრი თეონა დანელია და უნიდენტის ექიმი, ასევე ჩვენი ასოციაციის წევრი თამარ კუთხაშვილი.
მეორე - ICD-ის მე-16 დისტრიქტის რეგენტი, პროფესორი მარინა მამალაძე, ICD-ის მმართველ ორგანოში, კანცლერთა საერთაშორისო საბჭოში, ევროპის ერთადერთ წარმომადგენლად აირჩიეს.
გაისად, ICD-ის 69-ე კონგრესზე , რომელიც მილანში ჩატარდება, ჩვენი დელეგაცია კიდევ რამდენიმე წევრით გაიზრდება. (იხ.სურ.)



