სიახლეები

22-23 თებერვალს ქუთაისში, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის, პაროდონტის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტების და სტომატოლოგიის კლინიკადა სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის პროფესორ-მასწავლებელთა და ექიმთა მიერ წარმატებით განხორციელდა დაანონსებული პროექტი - რიგით II სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით.“

პროექტს დასაბამი 2013 წლის დეკემბერში ჩაეყარა და იგი 4 ტურს მოიცავს: ლექციებსა და მასტერ-კლასებს კახეთში (თელავი), იმერეთში (ქუთაისი), ქართლში (გორი) და სამეგრელოში.

კახეთში პირველი წარმატებული ტურის შემდეგ, ჩვენი სურვილი მეორე, კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიების ორგანიზება იყო.

ლექციები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და პირველი ლექცია წაიკითხა თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს სტომატოლოგიის პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ. (იხ. სურ.)

კონფერენცია 8 საათს გაგრძელდა ისე, რომ აუდიტორიას, რომელიც 280 მსმენელს იტევდა ინტერესი არ დაუკარგავს. დიდხანს გაგრძელდა დისკუსია და კითხვა-პასუხი წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ. (იხ. სურ.)


დიდი წარმატება მოყვა პროფესორების მანანა ივერიელის, ნინო ჭიპაშვილის, ნინო აბაშიძის ლექციებს. (იხ. სურ.)

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სპონსორები იყვნენ ფარმაცევტული კომპანიები “Alpen Pharma Group” და “GEA”, რომელთა პროდუქციაზედაც (ტრახისანი და ხოლისალი) ისაუბრეს ასისტენტ პროფესორმა ხატია გოგიშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ჯაშმა.(იხ. სურ.)

23 თებერვალს სტომატოლოგიის კლინიკა დენტიმერში (კლინიკის დირექტორი თენგიზ ჟვიტიაშვილი) იმერეთის რეგიონის პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის - პაციენტთა საჩვენებელი მკურნალობა და მასტერ-კლასები ჩატარდა. ფრონტალური კბილების რესტავრაცია სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმებმა თეა ჭუმბურიძემ და თამარ ჟღენტმა ჩაატარეს, კბილთა ენდოდონტიური მკურნალობა, მასტერ-კლასი კი ექიმებმა მაია ლომსიანიძემ და მაკა კოპალიანმა უჩვენეს. მასტერ - კლასებს 12 ექიმი დაესწრო. (იხ. სურ.)

პროფესორმა ნინო აბაშიძემ პაციენტის მკურნალობა Vector - სისტემის გამოყენებით ჩაატარა. პარალელურ რეჟიმში პაროდონტის დაავადებების მქონე პაციენტების კონსულტაციას პროფესორი მანანა ივერიელი ატარებდა. (იხ. სურ.)

ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო იმ ექიმთა სურვილის გათვალისწინება, რომლებმაც პროფესორებთან მარინა მამალაძესთან და ნინო ჭიპაშვილთან შეხვედრა ისურვეს, რათა მათთან თსსუ-ის მაგალითზე ოდონტოლოგიის დეპარტამენტში სწავლების პროცესის საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრათ. (იხ. სურ.)

ჩვენი ორივე ღონისძიების საორგანიზაციო მხარე (ბეჭდვითი პროდუქციის გაფორმება, გავრცელება, ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ფოტოსესია) თავის თავზე აიღო სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმმა თეა ჯანჯალაშვილმა, რომელიც პრაქტიკულად უნიდენტის ცხოვრების მემატიანეა :) (იხ. სურ.)

ჩვენი ღონისძიება გააშუქა ქუთაისის რეგიონულმა ტელევიზიამ „რიონმა“. (იხ. სურ.)

სასარგებლოსთან ერთად ქუთაისში ჩვენი მოგზაურობა ბევრ სასიამოვნო მოგონებებთან იქნება დაკავშირებული. (იხ. სურ.)

2014-02-2222 თებერვალი 2014