სიახლეები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო ბავშვთა ასაკში ნარკოზის ქვეშ სტომატოლოგიურ დაავადებების მკურნალობის სამსახურმა. ეს თემა განსაკუთრებით სენსიტიურია ჩვენი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილისთვის, რომელთაც სტომატოლოგიური მანიპულაციებისადმი დაუძლეველი შიში აქვთ ან იმ პირთათვის, რომლებიც ერთიანდებიან ეგრეთწოდებულ „სპეციალურ პაციენტთა“ ჯგუფში (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტები).

ამისათვის საუნივერსიტეტო კლინიკაში აღიჭურვა სპეციალური კაბინეტი და შეიქმნა ადექვატური ინფრასტრუქტურა. მკურნალობას, რომელიც ზოგადი გაუტკივარების ქვეშ მიმდინარეობდა კლინიკის დირექტორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში - ლია ძიძიგური ხელმძღვანელობდა. სწორედ მისმა გამოცდილებამ მისცა საშუალება საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმს ქეთევან ბაჩიაშვილს თავდაჯერებულად, თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენით ჩაეტარებინა კბილთა მკურნალობა. ქეთევან ბაჩიაშვილს ასისტირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის IV კურსელი ქეთი მაისურაძე უწევდა. (იხ. სურ.).