სიახლეები

2014 წლის 31 მაისს და 1 ივნისს კომპანია დენტალმარკეტის მოწვევით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრი უნიდენტი მასპინძლობდა კომპანია MICERIUM SPA-ს (იტალია) სპიკერს საშა ფეტსიჩს. ის პროფესორების, ლორენცო ვანინისა და დანიელ რონდინის მოწაფე და მრავალი პუბლიკაციის ავტორია. არის ესთეტიკური სტომატოლოგიის ევროპული ასოციაციის წევრი, სასწავლო ცენტრების: „Лигея“, „Веритас“, „Медиа Дент“ და „Белий Град“–ის პროფესიონალი სპიკერი და კლინიკური კონსულტანტი. (იხ.სურ.)

31 მაისს საშა ფეტსიჩმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ფრონტალური და საღეჭი კბილების პირდაპირი რესტავრაციები“. (იხ. სურ.)  ლექციას ესწრებოდნენ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმები, რეზიდენტთა ლოკალური ხელმძღვანელები და რეზიდენტები. აუდიტორია ლექციაზე დასწრების მსურველებს მართლაც ვეღარ იტევდა. ყველა დიდი ინტერესით უსმენდა ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილ პროფესიონალს. მსმენელთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა სტომატოლოგები იყვნენ, თუმცა დარბაზში ისხდნენ უკვე დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებიც და თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტებიც. (იხ. სურ.)

ლექციის დასასრულს ყველას სურდა სპიკერთან ფოტოს გადაღება, თუმცა მაკა კოპალიანმა და თეა ჭუმბურიძემ „ივაჟკაცეს“ :) (იხ.სურ.)

განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი 1 ივნისს ჩატარებულ მასტერ-კლასზე, სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება მიეცა ექსკლუზიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეესრულებინა „Enamel+“-ით რესტავრაციის ყველა ეტაპი წინასწარ მომზადებულ მულაჟებზე. ალექსანდრ ფეტსიჩი თითოეულ მსმენელს გულდასმით აცნობდა რესტავრაციის ნიუანსებს და თითოეული მსმენელი მათ დიდი მონდომებით იმეორებდა. (იხ. სურ)

ემოციებმა თავის პიკს მიაღწიეს მაშინ, როდესაც სპიკერმა შესრულებული რესტავრაციების კონკურსი გამოაცხადა. 25 ნამუშევრიდან 2 საუკეთესო შეირჩა - ეკა ზარქუას და ნინო კორსანტიასი. გაიყო შემფასებელთა აზრიც, მაგრამ სპიკერის გადაწყვეტილებით პირველობა ეკა ზარქუას ერგო. (იხ. სურ.) ჩვენ გულით და სულით ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და გვეამაყება, რომ ეკა უნიდენტის რეზიდენტურის კურსდამთავრებულია. მასტერ-კლასის ბოლოს ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ. (იხ.სურ.)