საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია მე-4 წელია ორგანიზებას უწევს საქართველოში პრიზმა ჩემპიონატის ჩატარებას საუკეთესო ახალგაზრდა სტომატოლოგის გამოსავლენად, ფრონტალური კბილების მხატვრულ რესტავრაციაში. 3 წლის განმავლობაში ჩემპიონატი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში ტარდებოდა. წელს, 29 ივნისს ესტაფეტა გადაეცა ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრს, HBI-dentImplant-ს. (იხ. სურ.)
საქართველოს პრიზმა ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს სამი სტომატოლოგი ეჯიბრებოდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ საპატიო ტიტულის ბრძოლაში ორი „უნიდენტელი“ იღებდა მონაწილეობას. ჩვენი კლინიკის ექიმი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ ინიცირებული კონგრესების საორგანიზაციო საქმიანობის უცვლელი წევრი თეა ჭუმბურიძე და უნიდენტის „გაზრდილი“, ჩვენი რეზიდენტურის წარჩინებული, ექიმი გიორგი გაფრინდაშვილი. იგი ამჟამად სტომატოლოგიის კლინიკა „T&L Dent“-ში მუშაობს. ჩემპიონატის მე-3 მონაწილე ექიმი ქეთევან როსტიაშვილი იყო (სტომატოლოგიის კლინიკა „Deni -dens“).
პრიზმა ჩემპიონატი ქართულ-გერმანულ იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ში 10:00 სთ-ზე დაიწყო. (იხ.სურ.) მანამდე შედგა კენჭისყრა, სადაც თითოეულ მონაწილეს იმ პაციენტის ფოტო შეხვდა, რომელთა კბილების რესტავრაცია უნდა მოეხდინა. (იხ. სურ.) ჩვენს თეას ერთ-ერთი რთული და საინტერესო შემთხვევა ერგო. (იხ. სურ.)
კონკურსის ორგანიზებაში დიდი როლი ითამაშა ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო აბაშიძემ, რომელმაც ჯანსაღი, კომფორტული და ყველასათვის მისაღები საკონკურსო გარემო შექმნა. (იხ. სურ.)
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე (იხ. სურ.), ვიცეპრეზიდენტი პროფესორი მანანა ივერიელი (იხ. სურ.), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი სამსონ მღებრიშვილი (იხ. სურ.), ყოფილი პრიზმა ჩემპიონი გვანცა დოლიძე (ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრი HBI-dentImplant-ი) (იხ. სურ.).
ჩემპიონატმა დიდხანს , 23:00 სთ-მდე გასტანა.
რესტავრაციაში გამარჯვებული, საქართველოს პრიზმა ჩემპიონი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისა და საქართველოს სტომატოლოგთა ალიანსის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე „ინოვაციური სტომატოლოგია“/ საქართველო - უკრაინა II/ 11 ივლისს ქ. ბათუმში გამოვლინდება. მას გადაეცემა საპატიო ვიოლონჩელო და უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება უკრაინაში, ქ. პოლტავაში, სერგეი რადლინსკის კლინიკა-სტუდია „აპოლონია“-ში გამართულ პრიზმა ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პრიზმა ჩემპიონები შეერკინებიან ერთმანეთს. ასე, რომ უდიდესი ინტერესით ველით 11 ივლისს.
ბათუმში შეხვედრამდე მეგობრებო!