ვიზიტი Leeds-ის უნივერსიტეტში
ამა წლის 25-28 თებერვალს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე მიწვევით იმყოფებოდა ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტში და სტომატოლოგიის სკოლაში. ამ მივლინების ძირითადი მიზანი სტომატოლოგიის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტების ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაზე (OSCE) დასწრება და ინტეგრირებული კურიკულუმის საქმისა და მისი შემადგენელი მოდულების სტრუქტურის გაცნობა იყო.
ლიდსის უნივერსიტეტში სტუმრობამ და გამოცდის მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებამ ბევრი სიახლე და ახალი მიდგომები გამოავლინა.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში OSCE-ის ჩატარება მაქსიმალურადაა მიახლოვებული ბრიტანულ სტანდარტებთან.
პროდუქტიული აღმოჩნდა სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან და რესტავრაციული სტომატოლოგიის პროფესორებთან შეხვედრაც. მათ გაგვაცნეს სტომატოლოგიის ფაკულტეტის ინტეგრირებული კურიკულუმის ძირითადი სქემა და რამდენიმე გაიდლაინის სტრუქტურა (ინფექციის პრევენცია და კონტროლი, რესტავრაციის კლინიკური პროცედურები, კბილის ფესვის არხის მკურნალობის პროცედურები), დაგვათვალიერებინეს საფანტომო კურსის წინასაფანტომო ლაბორატორიები, რომლებიც ე.წ. ვირტუალური პრეპარირების თანამედროვე აპარატურით იყო აღჭურვილი. (იხ. სურ.)