სიახლეები
პროფესორ მარინა მამალაძის მოხსენება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს წინაშე.

2015 წლის 23 ივლისს ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე მოხსენებით წარდგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომის წინაშე, რომელსაც აკადემიის პრეზიდენტი ბატონი გიორგი კვესიტაძე თავმჯდომარეობდა. პროფესორი მარინა მამალაძის მოხსენება რესტავრაციული სტომატოლოგიის კონცეპტუალურ მიმართულებას განსაზღვრავდა - "რესტავრაციული სტომატოლოგიის პარადიგმა: ფუნქციური და ესთეტიკური რეაბილიტაციის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები".

დაუფარავად ვიტყვით, რომ ეს იყო მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. პირველი სტომატოლოგიური მოხსენება და პირველი სტომატოლოგი (უძვირფასეს ბატონ კოტე მარდალეიშვილს დიდი ხანია უდიდეს ონკოლოგად ვთვლით), რომელიც ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სამეცნიერო არბიტრაჟის წინაშე წარდგა. ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რაც პრეზენტაციას ედო ფონად. დისკუსია, რომელიც მოხსენებას მოჰყვა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. უდიდეს პატივად ჩავთვალეთ ქართველი აკადემიკოსების აპლოდისმენტები, უმაღლესი შეფასებები და საუკეთესო სურვილები.

ვულოცავთ პროფესორ მარინა მამალაძეს ამ დიდ წარმატებას და ვამაყობთ მისით. (იხ. სურ.)