სიახლეები

2018 წლის 5-6 ოქტომბერს ფარმაცევტული კორპორაცია BERLIN-CHEMIE MENARINI-ის ინიციატივით, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტისა  და  საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მხარდაჭერით,  ერთობლივი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია - ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში გაიმართა.

კონფერენცია ქ. ქობულეთსა და ქ. ქუთაისში ჩატარდა. ღონისძიებას დასავლეთ საქართველოს და აჭარის სტომატოლოგები დაესწრნენ. კონფერენციაზე წარდგნენ თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მ. მამალაძე მოხსენებით - ფარმაკოუსაფრთხობა - ახალი მონაცემები და დასკვნები ნიმესულიდზე და ასოცირებული პროფესორი ნ. ჭიპაშვილი მოხსენებით - ტკივილის მართვა 3D პრინციპი სტომატოლოგიაში - მკურნალობის სტრატეგია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე დღეს კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო პრაქტიკოსი სტომატოლოგები, არამედ  კლინიკის ხელმძღვანელები და ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო სკოლების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და რეზიდენტები. განსაკუთრებით სასიხარულო იყო აუდიტორიის ცხოველი ინტერესი, დისკუსიაში ჩართულობა, საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი და უზომო კეთილგანწყობა.

თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები, ისევე როგორც საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, ყოველთვის მზად არიან თავისი მდიდარი გამოცდილება გაუზიარონ ამ დარგში მომუშავე ყველა მსურველს და დაინტერესებულ კოლეგას. (იხ.სურ.)