ტორონტოში (კანადა) გაიმართა სტომატოლოგთა ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციის — სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (International College of Dentists, ICD) — მმართველი ორგანოს, საერთაშორისო საბჭოს სხდომა (ICD Global Council Meeting).
სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ამ ორგანიზაციის მსოფლიოს 20 სექციის დელეგატები (კანცლერები). თითოეულ სექციას საერთაშორისო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ამ ავტორიტეტულ საბჭოში თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, როგორც არჩეული კანცლერი, ევროპას წარმოადგენდა.
კანცლერთა საბჭოზე წელს სხვა საკითხებთან ერთად ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, ICD-ის წესდებისა და რეგულაციების (The International College of Dentists Bylows and Standing Rules), განხილვა და მათში ცვლილებების შეტანა მოხდა. მსჯელობის საგანი იყო საერთაშორისო კანცლერთა უფლება მოვალეობების განსაზღვრაც. სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ICD-ის 20 სექციის მიერ განხორციელებული აქტივობები, რომელთა შორის განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ინტერსექციულ კავშირებზე, საგანმანათლებლო პროექტებზე, სტუდენტთა წამახალისებელი პროექტების გაუმჯობესებასა და საქველმოქმედო ღონისძიებებზე.
კანცლერთა საბჭოს უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა ახალი აღმასრულებელი კომიტეტის არჩევა და ახალი საერთაშორისო პრეზიდენტის წარდგენა. კოლეგიას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს პროფესორი მაურო ლაბანკა (იტალია).
აღსანიშნავია, რომ პროფესორი ლაბანკა თსსუ-ის სტუმარი იყო 2024 წელს. იგი თსსუ-ში დაესწრო ახალი აკადემიური წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს და თეატრალურ დარბაზში სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა.
ტორონტოში გადაწყდა საერთაშორისო საბჭოს 2027 წლის სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი: ICD-ის აღმასრულებელ კომიტეტსა და კანცლერებს 16-18 ოქტომბერს ჰონგკონგი უმასპინძლებს. (იხ.სურ.)



