სიახლეები
ჩვენი რეგიონული აქტივობა გრძელდება !!!

2014 წლის 9-10 ივლისს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის და პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტისა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმთა მიერ ჩატარდა რიგით მე-5 ღონისძიება საქართველოს რეგიონების სტომატოლოგთა მხარდასაჭერად. (იხ. სურ.)

საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ ტურნეთა ციკლის დამასრულებელი კონფერენცია „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“ გაიმართა აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამჯერად 11-12-13 ივლისს ჩვენს ღონისძიებას შემოუერთდა საქართველოს სტომატოლოგთა ალიანსი და ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა, შედეგად, ერთობლივად მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია სტომატოლოგიაში – „საქართველო–უკრაინა II“. (იხ. სურ.)

9 ივლისს კონფერენცია გახსნა და პირველ მომხსენებლად წარსდგა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრი უნიდენტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე ლექციით „კომპოზიციური საბჟენი მასალები, ადჰეზიის პრინციპები და მკურნალობის პროტოკოლი.“ (იხ. სურ.)

პროფესორმა მანანა ივერიელმა წარმოადგინა პრეზენტაცია: „ტუჩის დაავადებები (ჰეილიტები) – მკურნალობის თანამედროვე ასპექტები.“ (იხ. სურ.)

პროფესორმა ნინო ჭიპაშვილმა – „ადგილობრივი ანესთეზიები ამბულატორიულ სტომატოლოგიაში: რისკები და წარმატებები.“ (იხ. სურ.)

აჭარის ტურში პირველად მოხდა 2 ახალი პრეზენტაციის დებიუტი:

მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა დეა ვადაჭკორიამ კონფერენციას მოახსენა „მეტალოკერამიკული გვირგვინებიდან უმეტალოკერამიკულ კონსტრუქციებამდე.“ (იხ. სურ.)

ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ნიჟარაძემ კი ისაუბრა ბავშვთა ასაკში კბილთა რესტავრირების თავისებურებებზე, სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებზე. (იხ. სურ.)

ჩვენი უცვლელი სპონსორის „GEA“-ს პროდუქციის პრეზენტაცია – „ლიპსის გამოყენება სტომატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ“ – მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, ლია სანოძემ წარმოადგინა. (იხ. სურ.)

არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი პრეზენტაცია წარმოადგინა ექიმ–სტომატოლოგმა, ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის გენერალურმა დირექტორმა ნუცა ზურაბიანმა – „შესრულებული და დაგეგმილი პროექტების გაცნობა. მიზნები და ამოცანები.“ (იხ. სურ.)

კონფერენცია მეორე დღეს, 10 ივლისს, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. ამ დღეს თავიანთი პრეზენტაციები წარმოადგინეს: პროფესორმა ნინო აბაშიძემ – „პაროდონტიტის აგრესიული ფორმები და მათი მკურნალობის თავისებურებები.“.

თამარ სხვიტარიძემ, რომელიც კომპანია Dentalmarket-ის წარმომადგენელია მოახსენა – „ანატომიური სტრატიფიკაციის ტექნიკა და რესტავრაციული ოდონტოლოგიის ახალი ჰორიზონტები ლორენცო ვანინის მიხედვით.“.

აკადემიურმა დოქტორმა სტომატოლოგიაში – ხატია გოგიშვილმა წარმოადგინა ჩვენი სპონსორის, ფარმაცევტული ფირმა „Alpen Pharma“-ს პროდუქცია -„ტრახისანი.“.

გერმანული კომპანია, დოქტორ ტაისს ნატურვარენის, წარმომადგენელმა საქართველოში – ირმა ჯანაშიამ ისაუბრა თემაზე – „ლაკალუტი – პირის ღრუს მოვლის სამკურნალო–პროფილაქტიკური სერია.“.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და კითხვა–პასუხი კონფერენციის დამსწრე სტომატოლოგებსა და ბათუმის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს შორის. (იხ. სურ.)

პარალელურად, სტომატოლოგიის კლინიკა „DAVID DENT“–ში, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმებმა მასტერ–კლასები და პაციენტთა კონსულტაციები ჩაატარეს:

კბილთა ესთეტიკური რესტავრაცია მიკრომატრიცული კომპოზიტით „Esthet-X“ (ექიმები: თეა ჭუმბურიძე და თამარ ჟღენტი). (იხ. სურ.)

კბილთა ენდოდონტიური მკურნალობის დემონსტრირება (ექიმები: მაია ლომსიანიძე და მაკა კოპალიანი). (იხ. სურ.)

დიოდური ლაზერის გამოყენება პაროდონტის კომპლექსურ მკურნალობაში (ექიმი – თეა ჯანჯალაშვილი). (იხ. სურ.)

კლინიკა „DAVID DENT“–ის მასპინძელმა, დავით მუსერიძემ თავის ექიმებთან ერთად არაჩვეულებრივი, კეთილგანწყობილი, კომფორტული და მეგობრული გარემო შექმნა, რასაც ხელი შეუწყო ყოველმხრივ მომზადებულმა, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილმა კლინიკამ და მასტერ–კლასებზე მოწვეულმა საოცრად მონდომებულმა და დაინტერესებულმა ექიმებმა. (იხ. სურ.)

11 ივლისიდან საქართველოს სტომატოლოგთა ალიანსის ორგანიზებითა და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მხარდაჭერით გაიხსნა II საერთაშორისო კონგრესი – „საქართველო–უკრაინა II“. კონგრესის საპატიო სტუმრები იყვნენ: ოლგა პონომარენკო , ანდრეი სალამახა და ოლეგ კულიგინი (უკრაინა). სპეციალური მოწვევით ჩამობრძანდა ფადი ხაეკი და ეჰაბ რაშიდი. კონგრესის სასიამოვნო სიახლე იყო პროფესორ ლარისა ლომიაშვილის ვიზიტი (ქ. ომსკი). (იხ. სურ.)

თითოეული მომხსენებლის პრეზენტაციას საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა და თითოეულ მათგანს კოლეგათა კითხვა–პასუხი და სჯა–ბაასი ახლდა.

კონგრესის ფარგლებში პროფესორმა ნინო ჭიპაშვილმა წაიკითხა ლექცია – „ზედა ყბის პირველი მოლარის ანატომო–მორფოლოგიური მახასიათებლები საქართველოს მოსახლეობაში“. (თანამომხსენებელი ეკატერინე ბეშკენაძე).

პროფესორმა მანანა ივერიელმა – „ორგანიზმის ცალკეული ორგანოს და ორგანოთა სისტემის დაავადებათა გამოვლინება ენაზე“.

პროფესორმა ნინო აბაშიძემ – „მკურნალობის ახალი პარადიგმა პაროდონტოლოგიაში“.

განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა აუდიტორია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარინა მამალაძის ლექციას, რომელიც სრულიად განსხვავებულ ფორმატს წარმოადგენდა და ეხებოდა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ჩატარების გამოცდილებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში. (იხ. სურ.) გამოცდის ჩატარების ამ სტილით განსაკუთრებით დაინტერესდა პროფესორი ლარისა ლომიაშვილი, რომელიც ომსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანია.

კონგრესის დამასრულებელ დღეს, ლარისა ლომიაშვილმა წაიკითხა ლექცია – „მოდულური ტექნოლოგიები რეკონსტრუქციულ სტომატოლოგიაში.“ აუდიტორია ინტერესით შეხვდა ამ პრეზენტაციას, რადგან უმრავლესობა გათვითცნობიერებული იყო კბილთა მოდელირების იმ ტექნიკაში, რომელიც პროფესორ ლომიაშვილის მიერ არის შემუშავებული.

განსაკუთრებული ინტერესი და აჟიოტაჟიც კი მოჰყვა ლომიაშვილის მასტერ–კლასს, რომელიც ასისტენტ–პროფესორ სერგეი მიხაილოვსკისთან ერთად ჩაატარა. (იხ. სურ.)

წინასწარ მასტერ–კლასზე ჩაწერილი იყო 15 მსმენელი, თუმცა, ორგანიზატორებს მასტერ–კლასისთვის სამუშაო ადგილების მოწყობა და გადაკეთება 25 მსმენელისთვის მოგვიხდა.

მასტერ–კლასზე პროფესორმა ლომიაშვილმა არა მხოლოდ კბილთა მოდელირების ვიდეო დემონსტრირება მოახდინა, არამედ მსმენელებს საშუალება მიეცათ, მოდელირების ტექნიკა აეთვისებინათ პლასტელინზე და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის, უნიდენტის თანამშრომლების მიერ წინასწარ მომზადებულ საექსპერიმენტო კბილებზე.

პროფესორ ლარისა ლომიაშვილს მასტერ–კლასის წარმატებით მიმდინარეობაში ეხმარებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმები: ნათია ნიჟარაძე, თამარ ნაცვლიშვილი, თამთა ჯიქია, ქეთევან ბაჩიაშვილი და ეთერ ელაშვილი. (იხ. სურ.)

დასასრულს, ქალბატონმა ლარისამ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარინა მამალაძეს საჩუქრად გადასცა თავისი სახელმძღვანელოს, „კბილთა მოდელირების მოდულური ტექნოლოგია“, 5 ინგლისურენოვანი ვარიანტი და 1 ახალი გამოცემის რუსული ვარიანტი. მისი მხრიდან უდიდესი სიკეთის გამომხატველი ჟესტი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის კბილთა მოდელირების სასწავლო სახელმძღვანელოს 50 ეგზემპლარის საჩუქრად გადმოცემა.

ბუნებრივია, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ ინიცირებული ეს ღონისძიება ბათუმში დასვენებასთან ერთადაც იყო შერწყმული. თითოეული დღე ამ ერთკვირიანი ღონისძიებისა ჩვენთვის დასამახსოვრებელი იქნება მრავალი წლის მანძილზე.