სიახლეები

 

 

 

თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში ტრადიციად იქცა ლექცია-მასტერ კლასების ჩატარება პრაქტიკოსი ექიმებისათვის, რომელსაც ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის პროფესორი მარინა მამალაძე ანხორციელებს. 8-9 აპრილს ჩატარებულ ლექცია-მასტერ კლასზე გაშუქდა თემა: „თანამედროვე საბჟენი მასალებისა და ადჰეზიური სისტემების კორექტული გამოყენება“. ხოლო პრეზენტაციის დასრულებისთანავე  მასტერ-კლასი დაიწყო, რომელიც „მოლარების საკონტაქტო პუნქტის მოდელირებას“ მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილე ექიმებისთვის მოწყობილი იყო ინდივიდური სამუშაო ადგილები. მსმენელებს საშუალება მიეცათ, ჩაეტარებინათ ბლეკით კლასი 2 კარიესული დეფექტების რესტავრაცია თანამედროვე კომპოზიციური საბჟენი საშუალებებით, ადჰეზიური სისტემებისა და სექციური მატრიცების გამოყენებით. მასტერ-კლასზე დამსწრე თითოეულ ექიმს პრაქტიკული უნარჩვევების ათვისებაში პროფესორ მარინა მამალაძესთან ერთად ეხმარებოდნენ ამავე კლინიკის დირექტორი, ასოცირებული  პროფესორი ლია სანოძე, ექიმ-თერაპევტები: ქეთევან ფარესიშვილი, გვანცა მუხიგულაშვილი და სალომე წითაძე, დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში სოფიო ჭინჭარაძე  კი საორგანიზაციო საკითხებს კურირებდა.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და კომპანია Dentstal-ი. (იხ. სურ.)