სიახლეები

6-7 ივნისს, ქალაქ კიეტიში (იტალია), კიეტი-პესკარას დ`ანუნციოს უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა XII საერთაშორისო ჩემპიონატი კბილთა რესტავრაციაში Enamel Plus HRI-ის გამოყენებით - Jules Allemand Trophy.

ჩვენმა ქვეყანამ უკვე მეორეჯერ მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. წელს საქართველოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის V კურსის IV ჯგუფის სტუდენტი ელენე ჩხიკვაძე წარმოადგენდა. იგი 2016 წლის საქართველოს ჩემპიონია კბილთა რესტავრაციაში, სტუდენტთა შორის. ჩემპიონატს სპონსორობა გაუწია კომპანია Dental Market-მა, რომელიც კომპანია მიჩერიუმის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. (იხ. სურ.)

თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტში სტუდენტთა მომზადებას მეორე წელია დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი „უნიდენტის“ ექიმი-სტომატოლოგი ნინო კორსანტია ხელმძღვანელობს. მან შარშან წარმატებით განახორციელა ეს პროექტი და ორგანიზატორებისგან სათანადო მაღალი შეფასება მიიღო, რის გამოც ნინო ჩემპიონატის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია Micerium S.p.A.-მ, როგორც შარშან, წელსაც მიიპატიჟა ჩემპიონატზე, ტრენერისა და სტუმრის სტატუსით დასასწრებად.

ამ ორი დღის მანძილზე ჩემპიონატის მასპინძლები იყვნენ: ლორენცო ვანინი, კამილო დ`არკანჯელო, დანიელე რონდონი, იანა დოსტალოვა, კომპანია მიჩერიუმი და კიეტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა.

წელს გამარჯვება ესპანეთს და საფრანგეთს ერგო. გამარჯვებული სტუდენტები ერთ სემესტრს კიეტის უნივერსიტეტში ისწავლიან.

ვიმედოვნებთ, მომავალი წელი საქართველოსთვის უფრო წარმატებული იქნება.