სიახლეები

5-6 ივნისს, ქალაქ კიეტიში (იტალია), კიეტი-პესკარას დ'ანუნციოს უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტთა XIII საერთაშორისო ჩემპიონატი (Jules Allemand Trophy) კბილთა რესტავრაციაში კომპანია Micerium S.p.A.-ს პროდუქტის, Enamel Plus HRI-ის გამოყენებით.

ჩვენი ქვეყანა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს, ამ ღონისძიებაში უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო სტუდენტურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სტუდენტთა შერჩევას, მათ ტრეინინგს და საუნივერსიტეტო კონკურსის ორგანიზაციას ტრადიციულად ოდონტოლოგიის დეპარტამენტი ახორციელებს.

წელს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი V კურსის 37-მა სტუდენტმა გამოთქვა. ლექცია, მასტერ-კლასების გავლის შემდეგ ჩატარდა 1/8, 1/4 და 1/2 ფინალი. თაბაშირის სპეციალურ მოდელებზე შესრულებული რესტავრაციები დაშიფრული იყო. ნამუშევრებს დამოუკიდებელი არბიტრები აფასებდნენ. ჟიური 7 წევრით განისაზღვრა. დაძაბული ფინალის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის V კურსის IV ჯგუფის სტუდენტი დავით ბაბუნიძე.

გამარჯვების საზეიმო გამოცხადებას ესწრებოდნენ ჟიურის წევრები, კომპანია Micerium S.p.A.-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და საუნივერსიტეტო ჩემპიონატის უცვლელი სპონსორი კომპანია Dental Market-ი (ლ. თორთლაძე, ი. მაჭავარიანი, თ. სხვიტარიძე), საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ჩატარების ორგანიზატორი და ტრენერი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და თავად გამარჯვებული.

ჟიურის თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ ყველას მიულოცა ჩვენი სტუდენტის დიდი გამარჯვება და იტალიიდან მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულით დაბრუნება უსურვა მას და მის ტრენერს. ( იხ. სურ. )