სიახლეები

წელს პირველად „სტომატოლოგთა საერთაშორისო სტომატოლოგიური კოლეჯის“ (ICD) ევროპული სექციის (District 14) საორგანიზაციო კომიტეტის და პროფესორ სერგეი რადლინსკის ხელმძღვანელობით უკრაინაში, ქ.პოლტავაში 23 მარტს ჩატარდა ICD-ის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ემსახურო სტომატოლოგიას“. კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის და თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მ. მამალაძე, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმი, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე და თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე.

პროფესორი მარინა მამალაძე ვერ დაესწრო კონფერენციას, რადგანაც ამ დროს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით ქ. ბარსელონაში Ultradent-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
ICD კონფერენციაზე, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ცნობილ სპიკერთა პრეზენტაციებს, საქართველოდან ნათია ნიჟარაძე წარსდგა მოხსენებით „პრეპარატ როდოპესის ეფექტურობა კლინიკურ სტომატოლოგიაში“, ლია სანოძე მოხსენებით „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ICD-14 დივიზიონის ხელმძღვანელი, სლოვენიის სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი ტომაშ იუკიჩი, უკრაინის სამედიცინო აკადემიის რექტორი ვიაჩესლავ ჟდანი და ICD ევროპული სექციის დელეგატები. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ინტერესი და სიმპათია გამოიხატა საქართველოს სტომატოლოგთა დელეგაციის მიმართ.
კონფერენცია ჩატარდა სასწავლო ცენტრ „აპოლონიაში“ ICD 14-ის ვიცე რეგენტის პროფესორ სერგეი რადლინსკის ორგანიზებით. აქვე დაანონსდა ICD-2019 შეხვედრა თესალონიკში. (იხ. სურ.)