სიახლეები

2024 წლის 12-13 აპრილს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და კომპანია INSIEME-ს ორგანიზებით ქ. სტამბოლში (თურქეთი), სტამბოლის სტომატოლოგიურ აკადემიაში, ექსკლუზიურად საქართველოს ექიმებისთვის ჩატარდა კიეტი-პესკარას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, EAED, IAED წევრის, საერთაშორისო ინსტრუქტორისა და სპიკერის, დანიელე რონდონის (იტალია) 2 დღიანი ლექცია და მასტერკლასი „Shaping emotions in posterior teeth - საღეჭი კბილების მოდელირების ემოციები“. ლექცია-მასტერკლასს ესწრებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია და ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე. მეტად ინფორმატიულ და საინტერესო პრეზენტაციასთან ერთად, დანიელე რონდონის მიერ დემონსტრირებულ იქნა საღეჭი კბილების რესტავრაციის ეტაპები, რის შემდეგაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სპიკერის მეთვალყურეობის ქვეშ, თავად განეხორციელებინათ რესტავრაციის თითოეული ეტაპი მათთვის წინასწარ მომზადებულ მოდელებზე და ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საინტერესო საკითხებზე. (იხ. სურ.)